მამუკა ბახტაძე - აშშ-დან უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
მამუკა ბახტაძე - აშშ-დან უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით

ჩვენი მთავარი სტრატეგიის მთავარი მოტივია ის, რომ საქართველო იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განათლებისა და ინოვაციების ცენტრი, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ აღნიშნული საკითხი იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრებზე, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„გვქონდა შეხვედრები იმ ქალაქებში, სადაც ძირითადად კონცენტრირებულები არიან ამერიკული კომპანიები, რომლებიც აქტიურები არიან საერთაშორისო ბაზრებზე და ახორციელებენ მსხვილ ინვესტიციებს. მივიღეთ ძალიან დადებითი უკუკავშირები. არ მსურს, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რამდენიმე კომპანია აპირებს კონკრეტული ინვესტიციების განხორციელებას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ ეროვნული იდეის გარშემო, რასაც ჰქვია განათლება. ჩვენ საქართველო წარმოგვიდგენია როგორც აშშ-ის ერთ-ერთი პარტნიორი ცენტრი ინოვაციებში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენს კრიტიკოსებს შეიძლება ჩემი ეს განცხადება ხმამაღალი მოეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მე იმავეს ვისმენდი, როდესაც ვამბობდი, რომ საქართველო შეძლებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას – მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი მსგავს კრიტიკაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები უზრუნველყოფს  მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულად ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ამ დარგში მეტი ამერიკული კომპანია იყოს საქართველოში წარმოდგენილი. ასევე მინდა, გამოვყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ეხება ტრანსპორტს და ენერგეტიკას. ძალიან საინტერესო წინადადებები აქვთ ამერიკელ მეწარმეებს საქართველოში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე.

„შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან უახლოეს მომავალში. ველოდებით ინვესტიციებს ისეთ სექტორში, რომელშიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი – საქართველოში ინვესტიცია არ ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებას. ეს ნიშნავს ძალიან მსხვილ გეოგრაფიაში ბიზნესის კეთებას, ვინაიდან, სწორედ საქართველოა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის კარიბჭე, რომ იყოს ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.