მამუკა ბახტაძე არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევებზე კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს დროულად მიმართონ
მამუკა ბახტაძე არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევებზე კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს დროულად მიმართონ

2012 წლიდან,  რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე  ყველაზე კარგი დასტური, თუ როგორი პროგრესი განიცადა საქართველომ დემოკრატიის გზაზე.

„ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, დემოკრატიის განვითარებამ და ამ წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“,  მათ აქვთ სურვილი, შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ე.წ. ფეიკ ნიუსების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ინფორმაცია რამე სახის დარღვევისა თუ ხარვეზის შესახებ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. როდესაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა მოხდეს ყველას მხრიდან. თუ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ინფორმაცია, ეს უნდა მიეწოდოთ შესაბამის ორგანოებს”, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაური სრულიად უსაფუძვლოსა და „ყურით მოთრეულს“ უწოდებს ბრალდებებს, თითქოს მთავრობა ახალი ინიციატივებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მამუკა ბახტაძის თქმით, კანონმდებლობაში გაწერილია, რომ ესა თუ ის ინიციატივა არ უნდა ემსახურებოდეს არჩევნების შედეგებზე გავლენას.

„17 აგვისტოს, როდესაც პირადად ავიღე ვალდებულება, რომ შემოდგომაზე მოვაგვარებდით ე.წ. შავი სიის პრობლემას, წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმყოფებოდით. რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის ინიციატივებს, ჩვენ ამავდროულად ავიღეთ ვალდებულება, რომ შევცვლიდით სოციალურ პოლიტიკას, განსაკუთრებით იუნისეფ-ის  კვლევის გამოქვეყნების შემდეგ. შევათანხმეთ ეს პროგრამა ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს. ბიუჯეტი პარლამენტში განხილვის სტადიაშია და ლოგიკურად იბადება კითხვა – მაშინ როდის უნდა გაგვეჟღერებინა ეს ინიციატივები, თუ არა ამ პერიოდში. შესაბამისად, ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი“, – – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს  კონკრეტული ფაქტები შესაძლო დარღვევების შესახებ, მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა რეაგირება მოხდეს.

„თუმცა, ჩვენ ისეთ დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, მე, როგორც მოქალაქე, არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდეს გარკვეული სცენების დადგმას ან დეზინფორმაციის პოპულარიზაციას, რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ. ამიტომ, აუცილებელია, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და მას აქვს კონკრეტული საფუძველი, წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც საზოგადოების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში ბრიუსელში იმყოფება.