მამუკა ბახტაძე - არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში არასდროს შემოაღწევს მეზობელი ეკონომიკის ნეგატიური ტრენდი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოქალაქისთვის ლარის კურსი არ იყოს ასეთი მტკივნეული
მამუკა ბახტაძე - არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში არასდროს შემოაღწევს მეზობელი ეკონომიკის ნეგატიური ტრენდი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოქალაქისთვის ლარის კურსი არ იყოს ასეთი მტკივნეული

ჩვენი ტერიტორიიდან და ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში არასდროს შემოაღწევს მეზობელ ეკონომიკაში არსებული ესა თუ ის ნეგატიური ტრენდი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ თითოეული მოქალაქისთვის ლარის კურსი არ იყოს ასეთი მტკივნეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას ხშირ შემთხვევაში გარე ფაქტორები ახდენენ. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ამ შემთხვევაში ეს არის თურქული ლირის დევალვაცია.

„თურქეთი არის ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, იქ ჰქონდა ადგილი ლირის დევალვაციას და რა თქმა უნდა, ეს მოკლე ვადაში აისახა ჩვენზეც, მაგრამ იმ ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელზეც მე მოგახსენეთ, დასკვნაც არის ძალიან მარტივი – ეს ყველაფერი ბუნებრივად დაუბრუნდება თავის ნიშნულს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ებრძვის მძიმე მემკვიდრეობის შედეგებს, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე.

„საქართველო არის მცირე ეკონომიკა და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ ისტორიულად გვერგო, არის ის, რომ ქვეყანა კატასტროფულად იყო დამოკიდებული იმპორტზე. საქართველოში სამჯერ მეტი შემოდიოდა ვიდრე ჩვენ გვქონდა ექსპორტი. ამას უწოდებენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ყველა სხვა პარამეტრთან ერთად და ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პარამეტრი მსოფლიოში. როდესაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია 12-13 პროცენტი, წარმოუდგენელია ჩვენ სიღარიბის დაძლევაზე ვისაუბროთ. სიღარიბის დაძლევაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი. ჩვენ შევძელით და გავანახევრეთ ეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. დღეს ჩვენი ექსპორტი არის ყველაზე დიდი – ისტორიულ მაქსიმუმზე. ჩვენი შემოსავალი მომსახურების სფეროდან, მათ შორის ტურიზმიდან არის ისტორიულ მაქსიმუმზე და ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ჩანაცვლება აქტიური ტემპებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით ქვეყანას 900 მილიონის დეფიციტი ჰქონდა.

„ანუ ქვეყანა საკუთარი თავის გამოკვებასაც კი ვერ ახერხებდა. დღეს ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 300 მილიონზე. ანუ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველო თავისი მცირე ეკონომიკით უნდა გავხადოთ მოწყვლადი გარე საფრთხეებისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან ერთად მთავარ პრობლემას წარმოადგენდა დოლარიზაციის მაღალი განაკვეთი და მთავრობამ ამ მაჩვენებლის შემცირებაც მოახერხა.

„იმ პრობლემას, რაც მე აღვნიშნე, დაემატა მეორე უპასუხისმგებლობა – ეს იყო დოლარიზაციის მაღალი განაკვეთი. საქართველოში ყველა სესხი გაიცემოდა დოლარში. ჩვენ დოლარიზაციის მაღალი დონე შევამცირეთ. ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ადამიანი როდესაც სესხს აიღებს და იცის, რომ მან უნდა გადაიხადოს ასი ლარი, ის უნდა იყოს ასი ლარი და არა 180 ან 170 ლარი სხვადასხვა მიზეზების გამო. საქართველოს მდგრადობა ამ საკითხების მიმართ მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე არის გაზრდილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.