მამუკა ბახტაძე - ანგელა მერკელის ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები
მამუკა ბახტაძე - ანგელა მერკელის ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ანგელა მერკელის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„მსურს, კიდევ ერთხელ შევაფასო გერმანიის ფედერალური კანცლერის, ქალბატონ ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი და ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ საქართველოში ჩამოსვლით. ამ ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა წარმატებები, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

„ქალბატონმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა ის ძალიან დიდი წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპული და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და გერმანიას შორის, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებშიც აისახოს.

„ძალიან ნაყოფიერად წარიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელიც ჩატარდა ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ გერმანიიდან მოვიზიდოთ დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამავე დროს, დამატებით განვახორციელოთ რეგიონული  და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე პერიოდში უკეთ გამოჩნდება იმ ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაცია, რომელიც მიზნად დავისახეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23-24 აგვისტოს სტუმრობდა.