მამუკა ბახტაძე - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად
მამუკა ბახტაძე - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ, რომ კონსორციუმმა შეძლოს იმ ფინანსური რესურსის მობილიზება, რაზეც ვალდებულება აიღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას და ამიტომაც ის უმნიშვნელოვანესია.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ჩემთვის. პირველი – მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აშენდეს. მეორე – ის უნდა აშენდეს რაც შეიძლება დროულად. ამიტომ, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა, მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია პორტის მშენებლობის პროცესის დროულად დაწყებისთვის. ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ამავე დროს, ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროექტში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აღნიშნული პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით,  ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა.

„კარგია, რომ ეს დიალოგი შედგა. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არის პრინციპული მნიშვნელობის, მათ შორის, გადასახადების გადამხდელებისთვის“,- განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მხრიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხარდაჭერა გაგრძელდება, მთავარია, პროექტის მიმდინარეობაში იყოს პროგრესი.

პრემიერმა პორტის კომერციული რისკების დაზღვევის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთავრობას, კონსორციუმსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

„როცა საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება, სად არის ამ პროექტში კომერციული ინტერესი, მაშინ როგორ ექნება ამას კომერციული დატვირთვა კერძო ინვესტორის მხრიდან. ამიტომ, ყველა  საკითხი, რომელშიც შეიძლება ჩვენ მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება. მთავარია ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია კონსორციუმის მხრიდან ჰქონდეს განცდა საზოგადოებას და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსის მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით – პირველი, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად რაც შეიძლება დროულად“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ვადებს, მამუკა ბახტაძის თქმით, ვადა დინამიკაზეა დამოკიდებული და ზუსტი თარიღები არ არის განსაზღვრული.

„ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რომელსაც კონსორციუმი შეძლებს. ეს არის მსხვილი პროექტი და მესმის, რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში არ შეიძლება ასეთი მიდგომებით ვსაუბრობდეთ აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩანდეს დინამიკა, მზადყოფნა. კონტაქტები არსებობს, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებები შესრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.