მამუკა ბახტაძე - ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება
მამუკა ბახტაძე - ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება

ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიულ დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საამაყოა, რომ ქართველმა მფრინავებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საჰაერო სივრცე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა.

ბახტაძის განცხადებით, ამ საქმეში საქართველოს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები.

„ვულოცავ ამ დღეს, ვინც საქართველოს საქართველოს საავიაციო სივრცის სადარაჯოზე დგას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის და უანგარო სამსახურისთვის.

ქართულ სამხედრო ავიაციას 26-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყოა, რომ ჩვენმა ქართველმა მფრინავებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში.

მოგეხსენებათ, რომ საჰაერო სივრცე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. ამ საქმეში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები. ამავე დროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს სწორედ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული ურთიერთობები ვისთან ერთადაც ვავითარებთ ამ მნიშვნელოვან კომპეტენციას. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს“,- განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება.

„ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება. საჰაერო თავდაცვითი საშუალებების გარდა ვაუმჯობესებთ ქართული სამხედრო ავიაციის საჰაერო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის დახმარებით.

მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება, მათი რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისობრივად ახალი დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისთვის.

შედეგად, საქართველოს ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებშიც ჩაერთვებიან.

ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება თანხვედრაში ნატო-ს სტანდარტებთან“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.