მამუკა ბახტაძე - თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს
მამუკა ბახტაძე - თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

ჩვენ სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები გვჭირდება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას გიორგი ქობულიასთან უთანხმოება და კიდევ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

„მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი კონსოლიდირებული იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საკმარისი რესურსია ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები, რაც არსებობს, შევამსუბუქოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი შეფასებით, აღნიშნულ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტიანი მართვა.

როგორ მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, თუ რომელიმე მინისტრი საჭირო ტემპს ჩამორჩება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს,  ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე, არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რაც გითხარით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  მამუკა ბახტაძემ.