მამუკა ბახტაძე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ონლაინ სესხების გაქრობას გამორიცხავს
მამუკა ბახტაძე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბაზრიდან ონლაინ სესხების გაქრობას გამორიცხავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ბაზრიდან ონლაინ სესხების გაქრობას გამორიცხავს.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ონლაინ სესხები გაქრა, ეს ასე ნამდვილად არ არის. შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან”, – განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტება, არ არის მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

“ვფიქრობ, რომ საქართველოში მიკროსაფინანსოები არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაცია იყო ფინანსურ სექტორში. საბანკო სექტორს განსხვავებული რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკოს სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვავებული რეჟიმი, რამაც ხელი შეუწყო ჭარბვალიანობის თემას. ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე. ვინც სპეკულაციებით არის დაკავებული, მუშაობის სპექტრი შეეზღუდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.