მამუკა ბახტაძე - ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან კარგად ართმევს თავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესრულებას
მამუკა ბახტაძე - ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან კარგად ართმევს თავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესრულებას

საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ მოქალაქეებისგან, ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, 2019-2020 წლებში საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება.

„ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა მიმართულებით. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ციფრი ძალიან ეფექტიან მენეჯმენტს მოითხოვს, რათა ქვეყნისთვის აღნიშნული რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება მოხდეს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვჭირდება და აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას, რომ ტემპები მოქალაქეებისთვის იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი. ბუნებრივია, ვინ ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება ძალიან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებების თემა ოპონენტების მხრიდან სპეკულირებაა.

„ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ. ზოგადად, იცით, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ლიდერობს დეზინფორმაციებისა და ფეიქნიუსების ჭრილში და ესეც ერთ-ერთი მათგანია“, –  განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტი კარგად ართმევს თავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესრულებას.

„ჩვენ გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორ წლიანი პროგრამის ეფექტიანად შესრულებაზე. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი განვითარების გეგმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორ წლიანი პროგრამის ეფექტიანად შესრულებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.