მამუკა ბახტაძე - აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით
მამუკა ბახტაძე - აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით

აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

მისი თქმით, ზუსტად 10 წლის წინ ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია სამხედრო აგრესია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე საჰაერო იერიშის მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე.

„ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა და ათეულობით ათასი ახალი დევნილი. აგრესიის შედეგად ათეულობით ქართული სოფელი განადგურდა. რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული 5 ხეობისა და 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია. უმძიმესი იყო ადამიანური დანაკარგიც. აგვისტოს ომმა შეიწირა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი – ეს იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და უკანონო დაკავებების 10 წელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ცხოვრებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ოკუპაციამ და ადგილზე არსებულმა უკანონობამ, სამწუხაროდ, ომის შემდგომაც შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე.

„იძულებით გადაადგილებული პირების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმების მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან.

ამას ისიც ემატება, რომ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი 25 წელზე მეტია, მოკლებულია საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. დევნილობაში გაიზარდნენ თაობები, რომლებიც არ კარგავენ საკუთარ სახლში დაბრუნებისა და აფხაზებსა და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს.

განვლილი წლების სიმძიმემ და გამოწვევებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რისკენაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვისწრაფვით. სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა – აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ძალა და ნება, ამ თავსმოხვეული პროვოკაციის დასაძლევად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ათი წლის განმავლობაში ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე, საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ არის ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო და შესწევს ძალა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, მიაღწიოს წარმატებას.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც შეძლო შეუქცევადი წინსვლა იმ საპასუხისმგებლო გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა და ევროატლანტიკური სივრცისკენ შეუქცევადი სვლა. ჩვენი ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პასუხისმგებლიანი წევრი, წარმატებით აგრძელებს მსხვილი კონტრიბუციის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შესაძლებელი გახადოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გადადგმული არაერთი სამშვიდობო ნაბიჯი იმის დასტურია, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვას ხაზი, რომ საქართველოსა და ჩვენი ერის ინტერესში არის მხოლოდ მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.