მამუკა ბახტაძე - აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველო გახდეს ჰაბი ეკონომიკური საქმიანობისთვის
მამუკა ბახტაძე - აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველო გახდეს ჰაბი ეკონომიკური საქმიანობისთვის

აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველო გახდეს ჰაბი ეკონომიკური საქმიანობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეხვედრა დღევანდელ მთავრობის სხდომას დაემთხვა, სადაც ორ ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაზე ისაუბრეს.

„შევეცდებით, თამასა კიდევ უფრო ავწიოთ, როდესაც ვსაუბრობთ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. იცით, სამთავრობო გუნდის ხედვა, რომ აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა საქართველო გახდეს ჰაბი ეკონომიკური საქმიანობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი დაფუძნდება.

„20 დეკემბერს პარიზში ხელი მოეწერება მემორანდუმს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟთან საქმიანობის დაწყებაზე. მიზანია, რომ არბიტრაჟმა თბილისში ოფისი გახსნას. ეს მოლაპარაკებები არ იყო მარტივი. მინდა, კოლეგებს მადლობა გადავუხადო. ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საინვესტიციო კლიმატი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი იანვრიდან OECD-ს ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ კომპანიებისა და ანგარიშების გახსნა.

„მეორე ინიციატივა ძალიან მასშტაბურია. ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით. დღეს ოფიციალურად დავაანონსეთ, რომ პირველი იანვრიდან OECD-ს ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ კომპანიებისა და ანგარიშების გახსნა. უნიკალური ინიციატივაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი მასშტაბის ინიციატივას წარმოვადგენთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა განათლების რეფორმასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე.

„იცით ჩვენი განწყობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, თუ მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზრდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.