მამუკა ბახტაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო დიდი, გაბედული იდეა, 10 წლის შემდეგაც გვჭირდება დიდი იდეები
მამუკა ბახტაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო დიდი, გაბედული იდეა, 10 წლის შემდეგაც გვჭირდება დიდი იდეები

საქართველო ტრანსფორმაციის კარგი მაგალითია, საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელზე განაცხადა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო წინ წავიდეს.

„საქართველო კარგი მაგალითია ტრანსფორმაციის. საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა. ევროპული არჩევანი ჩვენი ცივილიზაციური მისწრაფებაა. ამისთვის, ჩვენ მაღალი ფასი გადავიხადეთ; მათ შორის – პოლიტიკური ფასი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს არჩევანზე. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ გაბედული იდეა იყო და დიდი იდეები ახლაც საჭიროა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 10 წლის წინ იყო ძალიან დიდი იდეა, გაბედული იდეა. მე ვიტყოდი, 10 წლის შემდეგ კიდევ გვჭირდება დიდი იდეები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.