მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია
მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა. დეპუტატები დაინტერესდნენ საქართველოში განათლების საკითხით.

„საქართველოსთვის მთავრი რესურსი ჩვენი საზოგადოებაა. ადამიანური კაპიტალის განვითარება არის მთავრობის მთავრი პრიორიტეტი. გადავწყვიტეთ, მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი განათლებაში დავაბანდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა. ზოგი იტყვის, რომ ეს რთულია, თუმცა გვჯერა, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ეს თანხა არის აუცილებელი. ჩვენი სკოლების ევროპულ დონეზე მისაყვანად აუცილებელია შვიდი მილიარდი.

უნდა შევეხო ჩვენი პროგრამების ევროპულ პროგრამებთან სინქრონიზაციის მნიშვნელობას. გვაქვს კონკრეტული მიზანი, ადამიანური კაპიტალით საქართველო 61-ე ადგილზეა. ჩვენი მიზანია, მომდევნო 10 წელიწადში საუკეთესო ათეულში მოვხვდეთ. ეს არის ერთადერთი გზა ჩემი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ყველა შემდეგ მთავრობას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლებაში დააბანდოს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერს კითხვა დაუსვეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებითაც. „ისტორიულად ბევრი უმცირესობა ცხოვრობს საქართველოში. შეგიძლიათ გვითხრათ მთავრი გამოწვევა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას და როგორ უმკლავდება ამას მთავრობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იმ დროისთვის და ჩვენ ამ კონსტიტუციის ღირებულებებს პატივს ვცემთ. უკვე ვისაუბრე განათლების რეფორმაზე და ეს რეფორმა ძირითადად მიმართულია ეთნიკური უმცირესობების ჩასართავად ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ რეფორმით ყველა ბარიერს გადავლახავთ და საზოგადოება უფრო ძლიერი იქნება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.