მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი
მამუკა ბახტაძე - ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი

ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და მთავრობამ კონკრეტული ეკონომიკური ორიენტირები აიღო, რომლის მიხედვითაც რეფორმის დანერგვისას იხელმძღვანელა.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა განათლების სისტემაში. აქედან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად საქართველოში 20-25 პროცენტით გავზარდოთ ადამიანური კაპიტალის ინდექსი. ამასთან ერთად ჩვენ კონკრეტული ეკონომიკური ორიენტირები ავიღეთ, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელეთ რეფორმის დანერგვისას. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ განათლების სფეროს უნდა ჰქონდეს ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში არანაკლებ ორნიშნა ციფრისა. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ 10-11 პროცენტიან წილზე, სადაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება პროფესიულ განათლებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც პროფესიული განათლების თანადაფინანსებას გულისხმობს.

„ჩვენ ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელსაც მომავალ წელს წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ახალ კომპონენტს დავამატებთ ჩვენს საინვესტიციო კლიმატს. ეს შეეხება ინვესტორებისთვის შეთავაზებას თანადაფინანსების პროფესიული სწავლებების, რომ მათ წვდომა ჰქონდეთ უფრო კვალიფიციურ პერსონალზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.