მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოციალური პოლიტიკის ცვლილება წინასაარჩევნოდ მოხდა, ტყუილია 
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოციალური პოლიტიკის ცვლილება წინასაარჩევნოდ მოხდა, ტყუილია 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოციალური პოლიტიკის ცვლილება წინასაარჩევნოდ მოხდა, ტყუილია.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ოპონენტები ცდილობენ, მოქალაქეებამდე ტყუილი მიიტანონ.

„დარწმუნებული ვარ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა იცის, რა იყო ძირითადი აქცენტები, როდესაც წარვადგინეთ ეკონომიკური გეგმა პარლამენტში და ეს ყველაფერი ხდებოდა ზაფხულში. არამგონია, ასეთი მოკლე მეხსიერება ჰქონდეთ ჩვენს ოპონენტებს. შესაბამისად, ეს არის ისეთივე ტყუილი, როგორიც მათი ძალიან ბევრი დაპირება. რამდენიმე თვის უკან დავაანონსეთ, რომ სოციალური პოლიტიკის ცვლილება იქნებოდა ქვეყანაში და ის იქნებოდა სისტემური ხასიათის. ჩვენ დავაანონსეთ, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა შეიძლება გახდეს სისტემური რისკი და ამ მიმართულებით გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს. რომელ წინასაარჩევნო კამპანიაზეა საუბარი, როდესაც პირადად ვსაუბრობდი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის, შემდეგ პრემიერის რანგში ამ საკითხებზე. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.