მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება.

ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია, დასახული მიზნების მისაღწევად ყველა უწყება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი, მაგრამ გავიმეორებ, რაც არაერთხელ დავაფიქსირე. 2019-2020 წლებში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელიც შევპირდით საზოგადოებას. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა თქმა უნდა, რომელიღაც უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2020 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.