მამუკა ბახტაძე - 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ნატო-სთან ჩვენი დაახლოება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული იქნება
საქართველოში ჩამოდის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.
„ამასთან, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის შესახებ ისაუბრა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატო-სთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ნატო-სთან ჩვენი დაახლოება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.