მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო
მამუკა ბახტაძე - 2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო

2019 წელი დავოსში ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  შეხვედრები გაიმართა როგორც ბიზნეს, ასევე, პოლიტიკურ ლიდერებთან და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმატება ყველა ეკონომიკურ პანელზე აღინიშნა.

„საქართველო მოჰყავთ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად, რომელმაც განიცადა როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური  ტრანსფორმაცია. ჩემთვის ძალიან საამაყოა ამის მოსმენა. ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკვე შედგა. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში გეგმავენ პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების განხორციელებას. ყველა სექტორში არსებობს დაინტერესება, დაწყებული სამომხმარებლო პროდუქციით, დამთავრებული ენერგეტიკით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაღალი ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად აღიქვამენ კანონმდებლობას, რომლის შემოღებას წლის მეორე ნახევრიდან ვაპირებთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განებივრებული არ ვართ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებით და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან მივიღოთ ინვესტიციები საქართველოში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში ინოვაციების განვითარება დაიწყოს. ამ თვალსაზრისით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს, რომ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად, სიღარიბის დაძლევას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ფორუმის ფარგლებში გამართული  პოლიტიკური შეხვედრებიც შეაჯამა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აღინიშნა ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნისგან და მინდა, მათ ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.   2018 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ძალიან ხელშესახები პროგრესი როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ გზაზე.  დარწმუნებული ვარ, 2019 წელი  კიდევ უფრო წარმატებული იქნება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ დავოსში ვიზიტის შეჯამებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, 22 იანვარს დაიწყო. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

დატოვე კომენტარი