მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება
მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით.

„2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი, ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც. ამავე დროს მოხდება ხელფასის ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.