მამუკა ბახტაძე - 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ
მამუკა ბახტაძე - 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა 9 აპრილის ტრაგედიით დაიწყო.

როგორ მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად, იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში.

„მაქვს პატივი, მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები, ავთენტური ქართული პოლიფონიური სიმღერა, სადაც მრავალი ხმა ერთიანდება კომპლექსში; ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს; ავითარებს და აწინაურებს. ეს არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკეტი. როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა ეს პოლიფონია მიცოცხლდება გონებაში და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს გვესმის ის – ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე. გუშინ, 9 აპრილს, საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ავბედითი დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტისაბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა, გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან ორი წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ზუსტად ამ მიზეზის გამო მისი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება ყველა ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას.

„იმ წლების შემდეგ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა და მათ მიუხედავად მაინც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. თითქმის შეუძლებელი შევძელით. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოსაც და ევროსაბჭოსაც. ამიტომ, ორივე შეიძლება ვამაყობდეთ ამით.  ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს გააჩნია იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი