მამუკა ბახტაძე - 14 აპრილს ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა
მამუკა ბახტაძე - 14 აპრილს ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა

14 აპრილი დღეა, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა, ვინაიდან ჩვენი ენა არის ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნაზე განაცხადა.

„განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებსა და მოზარდებს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს გახლავთ ისტორია ბრძოლისა თავისუფლებისთვის და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. ჩემთვის პირადად 1978 წლის 14 აპრილი სწორედ ასეთი თარიღია, თარიღია, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა, ვინაიდან ჩვენი ენა არის ქართული თვითმყოფადობისა და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

თითოეულმა თქვეგანმა იცის, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დამარცხებაში. ქართულ ენას, მისი სიწმინდის შენარჩუნებას ამ ეროვნულ იდეაში აქვს განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქართული ენა არის დიდი სიმდიდრე, საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები დასახული ქართული ენისთვის, რომელიც გულისხმობს მის უფრო მეტად პოპულარიზაციას, განმმტკიცებას და რაც მთავარია იმას, რომ არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს, ვინაიდან ენა არის ცოცხალი ორგანიზმი. ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაშიც შემოვიდეს ის ქართული ტერმინოლოგიები, რომლებიც ასახავს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ინტერნეტი და სხვა საშულებები, რომ უფრო მეტად მოხდეს ენის პოპულარიზაცია. დღეს ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სტრასბურგში მდებარე საკვირაო სკოლაში, შევხვდი ქართველ ბავშვებსა და მშობლებს, რომლებიც მათ ნამდვილ ქართველებად ზრდიან. ნამდვილად გვინდა, რომ ყველაზე მაღალ დონეზე ვიყოთ წარმოდგენილი ინტერნეტსივრცეში, რომ ქართველ მშობლებს, დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ, ქართული ენის გაკვეთილები ჰქონდეთ უფასოდ და შვილებს ასწავლონ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში მონაწილეობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. ქართული ენა არის დიდი სიმდიდრე, საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ის სამოქმედო გეგმა, რაც ენის დეპარტამენტს აქვს, მოგვცემს შესაძლებლობას, ყველა დასახულ მიზანს მივაღწიოთ, ამავე დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უკვე ზაფხულიდან გაიზრდება დაფინანსება ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.