მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პირველ არხს საქართველოს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში მამუკა ბახტაძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

მთავრობის მეთაურს სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი იმყოფებიან.