მამუკა არეშიძე - სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ გამონათქვამზე ორიანს დავუწერდი, მაშინდელ ქმედებებში კი ხუთიანს
მამუკა არეშიძე - სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ გამონათქვამზე ორიანს დავუწერდი, მაშინდელ ქმედებებში კი ხუთიანს

სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ გამონათქვამზე ორიანს დავუწერდი, მაშინდელ ქმედებებში კი ხუთიანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

ექსპერტის მოსაზრებით,  სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე მოუფიქრებელი იყო.

„ცოტა გამიკვირდა განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან, ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. შესრულებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ და რომლის მიხედვითაც, 2006 წელს რუსეთის ბოლო ჯარისკაცს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული, კატეგორიული და მახსოვს, პირველი კონფლიქტი ლავროვთან მაშინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის ტონის გამო მოხდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან აგრესიული და აქტიური იყო ამ თვალსაზრისით.

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე მოუფიქრებელი იყო. თქვენ ჩემი პოზიცია იცით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავი, არასოდეს მითქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვიცოდი რომ, ომი საქართველოს ა დაუწყია. სააკაშვილმა დაიწყო კონკრეტული ბრძოლა და ვეთანხმები ზურაბიშვილს, რომ პროვოკაციაზე წამოაგეს.

თუ ეროსი კიწმარიშვილს ჩანაწერებს დავეყრდნობით, მე ეს ისედაც ვიცოდი, რად მინდა სხვა, მიუხედავად ჩემი არაერთი გაფრთხილებისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მოესმინა და დაეშვა ის შეცდომა, რაც დაუშვა თორემ ომი დაიწყო რუსეთმა და არც უარყოფს ამას პუტინი, ის 2006 წელს დაიწყო. მე რაც ვნახე 2008 წლის მარტში ჩემი თვალით ჯავის რაიონში, პრაქტიკულად, მინიშნება იყო, რომ ომი დაიწყებოდა. ამას ვეუბნებოდი მაშინდელ სახელმწიფო მოღვაწეებს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

არეშიძე ამომრჩეველს ურჩევს, აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამონათქვამის გამო, სალომე ზურაბიშვილზე გული არ აიცრუოს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რასაკვირველია, მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი გამოთქმა იყო, მაგრამ სასწორზე ისიც დავდოთ, რაც გაუკეთებია მანამდე.

ასე რომ, მე ორიანს დავუწერდი ამ გამონათქვამში მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა პრეზიდენტობის კანდიდატისა, მაშინ შეიძლებოდა ამის „გატარება“. სამწუხაროდ, ამის „გატარება“ ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, ამის გამო გული არ აიცრუოს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით ამის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილის სიმპატია აქვს, მაგრამ მეორე ნაწილის სიმპათია ნამდვილად არ გააჩნია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.