მამუკა არეშიძე - როდესაც სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან მყოფებმა აქციაზე კარვები გაშალეს, ნათელი გახდა, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა არსებობდა
მამუკა არეშიძე - როდესაც სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან მყოფებმა აქციაზე კარვები გაშალეს, ნათელი გახდა, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა არსებობდა

სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან მყოფმა ადამიანებმა როდესაც მოინდომეს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ მათი უბედურების გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ძალა აპირებდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომელსაც დესტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხეს.

მამუკა არეშიძის თქმით, არსებობდა არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა.

„არჩევნების წინ საქართველოში ყოველთვის ვრცელდება ინფორმაციები დესტაბილიზაციაზე. ხან აქვს ამ ინფორმაციას საფუძველი, ხან არა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. კარგა ხანია ასეთი ხმები მუსირებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს, სამწუხაროდ, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ადამიანების უბედურების გამოყენებას აპირებდა გარკვეული პოლიტიკური ძალა. დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ ის, რომ არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა იყო ამ ორი ადამიანის უბედურებაზე აგებული, ეს მაშინაც ვიცოდი. კარვებთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო რაღაც ექსცესის მოწყობაზე – აფეთქება იქნებოდა ეს თუ სხვა, რათა ამას მოჰყოლოდა საზოგადოების შესაბამისი რეაგირება.

ახლა როგორც ინფორმაცია მომდის, ასეთი რამ არჩევნების კონტექსტში იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება. ასეთი დეტალური ინფორმაცია თუ არის, ხელისფლებას მოეთხოვება, მაქსიმალური ნაბიჯები გადადგას, რომ ასეთი რამ აირიდოს. პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ შს მინისტრის განცხადება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ექსცესები თავიდან იქნას არიდებული. ვთვლი, ისეთი ტიპის ინფორმაცია დაგროვდა, რომ უკვე საჭიროა უფრო აქტიური პრევენცია. მე რეპრესიებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პრევენციას, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ დეტალურად იცის ყველა გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად იქმნებოდა, ასევე იცის ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.