მამუკა არეშიძე - პოლიტიკაში საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ალბათ, სწორედ ამან განაპირობა
მამუკა არეშიძე - პოლიტიკაში საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ალბათ, სწორედ ამან განაპირობა

პოლიტიკაში საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ალბათ, სწორედ ამან განაპირობა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის უმრავლესობაში მომხდარი დაპირისპირება. რა მდგომარეობაც პარლამენტშია, თბილისისა და ზოგიერთ რაიონულ საკრებულოებშიც დაახლოებით, იგივე სიტუაცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, არის გარკვეული პრეტენზიები, რომ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნეს, პრაქტიკულად, ბარიერს მიღმა არიან და პარტიაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომელთა ბიოგრაფია, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა“, – განაცხადა არეშიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ საზოგადოებამ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც არ გაათავისუფლა, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.

„თუ ხელისუფლების რომელიმე შტო საქებარს აკეთებდა, ხალხი ამბობდა, რომ ეს ივანიშვილმა გააკეთა, ხოლო თუ გასაკიცხი იყვნენ, ესეც ივანიშვილს ბრალდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტორს შეიძლებოდა, თავისი როლი ეთამაშა. ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, შეუძლია თქვას, რომ მისთვის ასეთი ფაქტორები გადამწყვეტი არ არის, ცოტა სხვანაირად მოწყობილი ბუნება აქვს, მაგრამ საერთო ჯამში, შესაძლოა, ეს არა მთავარ, მაგრამ ერთ-ერთ ფაქტორად მოვიხსენიოთ“, – განაცხადა არეშიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი შესაძლოა, გეოპოლიტიკური ფაქტორებიც იყოს.

„რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას თუ გადავხედავთ, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და ქვეყანას დღეს სხვა ტიპის მმართველობა სჭირდება, რათა ამ ამღვრეული ზღვიდან გამოცურდეს. ალბათ, ბიძინა ივანიშვილი რეგიონში და მის გარშემო მიმდინარე კულვარული პროცესების შესახებ უფრო მეტად არის ინფორმირებული და შესაძლოა, ეს ფაქტორიც მუშაობდეს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.