მამუკა არეშიძე - მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თვალსაზრისით მამუკა ბახტაძე თავშეკავებული ჩანს, ის აქტიურია და შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არის, რის გამოც კანდიდატად დასახელდა
მამუკა არეშიძე - მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თვალსაზრისით მამუკა ბახტაძე თავშეკავებული ჩანს, ის აქტიურია და შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არის, რის გამოც კანდიდატად დასახელდა

ბიძინა ივანიშვილის არჩევანი არ გამკვირვებია, რადგან როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე ისეთი პიროვნებაა, რომელიც პირადად მასთან ახლოა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომლებიც შეიძლება, მის ინოვაციურობაში ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თვალსაზრისით თავშეკავებული ჩანს, ის აქტიურია და შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არის, რის გამოც ის კანდიდატად დასახელდა, მაგრამ ჩემთვის ეს რთული სათქმელია“, – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძის პირველი გამოსვლა მომზადებული ჩანდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, პირველივე გამოსვლაზე რას იტყოდა, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე მუშაობს და განათლებასთან დაკავშირებით მისი განცხადება ცარიელ ადგილზე არ ყოფილა.

„გამიხარდა, როცა გამოვიდა და განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. დარწმუნებული ვარ, მან ძალიან კარგად იცის, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც ქუთაისში უნდა შეიქმნას და მეორე უნივერსიტეტში, რომელიც თბილისში კეთდება, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდება და სამომავლოდ, ძალიან კარგი ბაზა შეიქმნება. როგორც ჩანს, ბახტაძე აპირებს, რეფორმატორული ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ეს ორი წამოწყება ერთმანეთთან უნისონში მოაქციოს“, – განაცხადა არეშიძემ.

არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძე ისეთ პიროვნებას არ ჰგავს, რომელიც რაღაცას იმიტომ ამბობს, ოღონდ რაღაც თქვას.

„როცა მან ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, მათი პრეზენტირება წინასწარ მოახდინა და როცა თქვა, მაშინვე უამრავი მტერი გაიჩინა, მაგრამ ეს ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა არეშიძემ.

როგორც ანალიტიკოსმა განაცხადა, მისთვის საინტერესოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ასაკიდან და პოლიტიკაში ნაკლები გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად მოხდება უსაფრთხოების სისტემებთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარება.

„საქართველოს წინაშე უამრავი გამოწვევა და რისკია და მასთან ორი შეკითხვა მაქვს – რამდენად მზად არის მიიღოს ის ინფორმაცია, რაც ამ სფეროში არსებობს და რამდენად მზად არის, დაელაპარაკოს იმ ხალხს, ვინც ამ სფეროში მუშაობს, რადგან სამინისტროები პრაქტიკულად, დაკეტილია, საზოგადოებასთან, თუ სპეციალისტებთან კომუნიკაცია ნაკლებია და სამინისტროები თავიანთ წვენში იხარშებიან“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.