მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური სპექტაკლი იყო
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური სპექტაკლი იყო

ექსპერტი მამუკა არეშიძე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მას პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს. არეშიძის განცხადებით, პროცესებში მონაწილე მხარეებმა ძალების დემონსტრირება მოახდინეს, ახლა კი სამშვიდობო პროცესის დრო დადგა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანას აწყობდა გენერალ სოლეიმანის მკვლელობა.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური სპექტაკლი ვნახეთ. პრაქტიკულად ყველა იმ მხარემ, რომელიც ამ საქმეში იყო  ჩართული, შეინარჩუნა თავისი სახე და ღირსება, აჩვენა ძალა და საბოლოო ჯამში დადგა პერიოდი, როცა უნდა დაიწყოს სამშვიდობო პროცესი. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სოლეიმანის სიკვდილი ბევრს აწყობდა – აშშ, ისრაელი, რეგიონალურ ქვეყნებს, არაბულ სამყაროს, თურქეთს, გაგიკვირდებათ და რუსეთს, ირანის ხელისუფლებაშიც ბევრს.

სოლეიმანი დაასაფლავეს ზარზეიმით და დაიწყეს სამშვიდობო პროცესი. ისე გამოვიდა, რომ მთელი ეს სპექტაკლი სოლეიმანის თავიდან მოშორებას ემსახურებოდა, ასე გამოვიდა. ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული, რათა ესკალაცია არ მოხდეს, სამშვიდობო პროცესი დაიწყოს. არ არის გამორიცხული, რომ ამ ატომურ პროგრამაში ყველა გასული დაბრუნდეს.
ყველა ისევ ისე იქნება და არ იქნება სოლეიმანი, იქნება მისი შემცვლელი, რომელიც ვითომ სპეციალურად არის შერჩეული. სოლეიმანი სტრატეგი იყო და პროცესს მართავდა მთლიანად, ხშირ შემთხვევაში ირანის ხელისუფლების მიღმაც, მისი შემცვლელი არის პრაქტიკოსი, სპეცნაზელი, რომელმაც იცის თავისი ადგილი. ისიც მოწმობს იმაზე, რომ სოლეიმანი სამიზნე იყო, ბოლო დღეებში სოლეიმანის წინააღმდეგ გაილაშქრა ერაყელი შიიტების ძალიან სერიოზულმა ჯგუფმა, სოლეიმანის აქტივობა რუსეთშიც ნერვებს უშლიდა მთელ რანგ გენშტაბს, რომელიც სირიის საქმით იყო დაკავებული. სოლეიმანის აქტიურობა აღიზიანებდა ირანის ხელისუფლების ცალკეულ პიროვნებებს, ისლამის რევოლუციის გუშაგათა კორპუსს, რომელიც არის სახელმწიფო სახელმწიფოში (ეს არის რამოდენიმე ათასიანი ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ირანის ეკონომიკის 40 პროცენტს), სოლეიმანს სამხედრო ოპერაცია ისე შეეძლო ჩაეტარებინა, რომ საერთოდ არ შეეთანხმებინა, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო. სოლეიმანს ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა არა მარტო რეგიონში (შიიდან რიბანამდე) მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაშიც, მათ შორის საქართველოშიც“ ,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, არეშიძის აზრით, ლტოლვილთა შემოდინება მოსალოდნელი არ არის, რადგან ირანელებისთვის საქართველო დღეს შეზღუდვების გამო, მომხიბვლელი არ არის.

„ლტოლვილების თემა არარეალურია, რადგან საქართველო ირანელებისთვის ისეთი მომხიბვლელი არ არის, როგორიც იყო ერთი წლის წინს, მათზე აქ ბევრი შეზღუდვა მოქმედებს უკვე, ვინც ჩამოდის ნახევარს არ უშვებენ. ირანში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები თავიანთ მხარეს აირჩევენ, რა თქმა უნდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა რეგიონალური ომი, შეიძლება, საქართველოსაც შეეხოს ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად, მაგრამ საქართველო არ არის მაინც ცენტრალური სივრცე“ ,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.