მამუკა არეშიძე - გამიჭირდება დადასტურება, რომ აშშ-ირანის შეთანხმებას მოჰყვება ხანგრძლივი ზავი, ირანმა ყველაფერი რომ დათმოს, რასაც აშშ ითხოვს, მისმა ხელისუფლებამ ჩემოდნები უნდა ჩაალაგოს, ეს გამორიცხულია
მამუკა არეშიძე - გამიჭირდება დადასტურება, რომ აშშ-ირანის შეთანხმებას მოჰყვება ხანგრძლივი ზავი, ირანმა ყველაფერი რომ დათმოს, რასაც აშშ ითხოვს, მისმა ხელისუფლებამ ჩემოდნები უნდა ჩაალაგოს, ეს გამორიცხულია

სამწუხაროდ, გამიჭირდება იმის დადასტურება, რომ ამ შეთანხმებას, შეიძლება, მოჰყვეს ხანგრძლივი ზავი ამ ქვეყნებს შორის, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გახდება აშშ-ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ზავი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების წინაპირობა.

„გარდა ამისა, თუ არ შეიცვალა მმართველობის წესი, სისტემა და ადამიანები ირანში, ნამდვილად არ მოხდება ზავის რეალიზაცია. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ზავი არის ერთგვარად პირობითი, დეკორატიული ზავი; ეს არის ზავი ჰორმუზის ყურესთან დაკავშირებით, თორემ ომი, პრაქტიკულად, სხვა მიმართულებით გრძელდება. დაბომბვები არ შეწყვეტილა, იმ ინტენსივობით აღარაა, მაგრამ მაინც არ შეწყვეტილა გაცვლა-გამოცვლა ამ სარაკეტო თუ დრონების დარტყმისა ირანსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძალიან მძიმე ბრძოლები“, – განაცხადა არეშიძემ.

შეკითხვაზე, რომელია ყველაზე რთულად დასაძლევი საკითხები ათ პუნქტს შორის, რომელზეც მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ყველა პუნქტი რთულად დასაძლევად მიაჩნია.

„ყველა. მე მგონია, რომ შეთანხმება თუ შედგა, ღმერთმა ქნას, იქ სულ სხვა პუნქტები ეწერება. ეს ყველაფერი სავაჭროდ არის, სავაჭრო პუნქტებია. თქვენ იცით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა, ასე ვთქვათ, დამალული ხამენეი და იმან მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება; რადგან იმან მიიღო ეს გადაწყვეტილება და მან მისცა ნება ირანის ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგრძნობა, რომ ირანისთვისაც მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკების პროცესის შექმნა. ასე რომ, როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მხარეებისთვის მშვიდობის მიღწევა და რისი დამთმობები არიან. ვთქვათ, ირანმა რომ დათმოს ყველაფერი, რასაც აშშ ითხოვს, მაშინ ირანის ხელისუფლება უნდა ადგეს, ჩემოდნები ჩაალაგოს და წავიდეს სხვაგან, სხვა ქვეყანაში, მაგრამ გამორიცხულია ეს ამბავი, იმ ტიპის დათმობებზე წავიდეს ირანი ამ სიტუაციაში, როდესაც ტაქტიკური, ასე ვთქვათ, წარმატებები აქვს და ნამდვილად აქვს ირანს ტაქტიკური წარმატებები“, – განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, რა იგულისხმება ტაქტიკურ წარმატებაში, რადგან აშშ აცხადებს, რომ მისი მხრიდან ყველა სამხედრო მიზანი მიღწეულია და ის არის გამარჯვებული, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ ეს არის პიარული სვლა.

„თეირანში აცხადებენ, ჩვენ მოვიგეთ და გავიმარჯვეთ ისტორიულ ომშიო, ასე ხდება ხოლმე. ტაქტიკური წარმატება თუნდაც ის არის, რომ ირანმა აშშ-ს თავს მოახვია ომის ის ტაქტიკა, რაც მან წინასწარ შეიმუშავა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოხდებოდა ის, რაც ვენესუელაში მოხდა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რომ ერი აჰყვებოდა მათ. ამიტომ გამოჩნდა ასპარეზზე ყოფილი შაჰის შვილი და ამიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოხდა. ირანი წინასწარ იყო ორიენტირებული, რაც უნდა გაეკეთებინა. მისი ტაქტიკა იყო რესურსის ამოწურვა, მოწინააღმდეგის გამოფიტვა, დროის გაწელვა. ეს თავიდანვე იყო დასახული და გარდა ამისა, მოახდინეს ფუნქციების გადანაწილება. ხომ ხედავთ, უამრავი ხელმძღვანელი დაიღუპა ირანის სხვადასხვა სტრუქტურის, სამხედრო, სადაზვერვო თუ სხვა, მაგრამ ამის მიუხედავად ფუნდამენტი არ შერყეულა, რადგან ეს ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ზუსტად ეს, თავისი ტაქტიკური ჩანაფიქრი მოახვია თავს მეტოქეს. რაღაც მომენტში, თუ შეატყვეთ, აშშ-ის და ისრაელის ხელმძღვანელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თეირანის შიგნით ინიციატივას ფლობდნენ, როცა იხოცებოდა ირანის ხელმძღვანელობა, მათ არ იცოდნენ, ამის მერე რა უნდა გაეკეთებინათ. ისინი ელოდებოდნენ ხელისუფლების ჩამოშლას, მაგრამ ეს არ მოხდა ეს და ამის მერე დაიწყო ბევრად უფრო ქაოტური მოქმედებები. პრაქტიკულად, მართვადი ქაოსის სიტუაცია შეიქმნა. ის, რომ განადგურდა ირანის უზარმაზარი სამხედრო ინფრასტრუქტურა, ეს ფაქტია და რად უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი რესურსული მარაგი მთლიანად არ ამოწურულა და რაღაც მარაგი დარჩათ კიდევ“, – განაცხადა არეშიძემ.