მამუკა არეშიძე - 2019 წელს პოლიტიკური პროცესი მთლიანად გაშიშვლდა
მამუკა არეშიძე - 2019 წელს პოლიტიკური პროცესი მთლიანად გაშიშვლდა

2019 წელს პოლიტიკური პროცესი მთლიანად გაშიშვლდა, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გაშიშვლდა მეთოდოლოგიები და პერსონალიები; ვინ რას წარმოადგენს, ვის რისი რესურსი აქვს, ვის რა შეუძლია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაშიშვლდა. 2019 წელს ძალიან ბევრი ალოგიკური პროცესი მივიღეთ. პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების პროცესი მტკივნეული ამბებით ხდება, მაგრამ ჩვენთან ეს პროცესი რომ არ მთავრდება და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების პერსპექტივა არ ჩანს, ეს მიკლავს გულს“, – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ხშირ შემთხვევაში, გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური კრიზისული სიტუაციები და ჩვენთანაც ისეთი ქაოსური სიტუაციაა, როგორიც გარშემო. 

„ახალი მსოფლიო წესრიგის დალაგების წესრიგსაც არ დაადგა საშველი და კარგა ხანს ვერც დალაგდება. აქედან გამომდინარე, გარშემო რა ქაოსიც არის, აქაც ისეთი ქაოსური სიტუაციაა. პლუს დაბალი პოლიტიკური კულტურა და საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ“, – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არის პოლიტიკური ვითარება, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ყველა კატეგორიული ფორმა გამოიყენება.

„ჯერჯერობით, იარაღს არავინ იღებს ხელში თორემ დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია. ყველა მეთოდოლოგია გამოიყენება და ყველაფერი ჩანს“, – განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო რამდენიმე საბედნიერო შემთხვევა, როცა ექსტრემალურ სიტუაციაში მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთ პოზიციაზე იდგა, დღეს კი ეს ვერ ხერხდება.

„დღეს, ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესები და ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური ვითარება გარკვეულწილად, იმის მანიშნებელი უნდა იყოს და იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მთელი ეს უბედურება და დავები რაღაც უფრო სხვა, კონსტრუქციულ ჭრილში გადავიდეს. განა, იმას ვამბობ, რომ არგუმენტები არ აქვთ?! რასაკვირველია, მხარეებს არგუმენტები აქვთ, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა რა ვითარებამდეც მიიყვანეს, ეს მათი დამსახურებაა, მთელი პოლიტიკური სპექტრის. ამიტომ, საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრს იმას სთხოვს, რადგან ეს ვითარება შენ შექმენი, შენ თვითონ მიპოვე გამოსავალი, რადგან ქვეყანა კატასტროფისკენ მიდისო. ეს უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ვინ უკეთესია, ვინ შავი და ვინ თეთრი, ეს მერე გამოჩნდება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.