მამუკა აჩბა - საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან კარგი ბერკეტები აქვთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მოიპოვონ
მამუკა აჩბა - საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან კარგი ბერკეტები აქვთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მოიპოვონ

საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან კარგი ბერკეტები აქვთ იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მოიპოვონ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მამუკა აჩბამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოს, დასავლელ პარტნიორებთან სწორი ინფორმაცია რომ გადის, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა. თუნდაც, NDI-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით თითოეული ჩვენგანი დარწმუნდა, რომ ფაქტობრივად, წინ არ მივდივართ და ქვეყანაში სტაგნაციაა. 64-65% ამბობს, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, არ ვითარდება, ან ერთ ადგილზე დგას“, – განაცხადა აჩბამ.

ამ განცხადებით მამუკა აჩბამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აძლიერებს თუ არა დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოკვეთილი კრიტიკა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და შესაბამისად, ასუსტებს თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ დანარჩენი ოპოზიციის შესაძლებლობებს, რამაც შესაძლოა, პროცესი ისევ იმ დიქოტომიამდე მიიყვანოს, როცა არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო სხვა პოლიტიკური სპექტრი არ არსებობს, რადგან ქვეყნის გარეთ აქტივობა ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელებთან ურთიერთობის რესურსზეა დამოკიდებული და ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა ამ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს.

მისი თქმით, მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში 80%-ით არის წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ 17-18%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც კატასტროფა და ნონსენსია.

„ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშეა. თუ ამას ვერ მიხვდება ხელისუფლება და მამა-მარჩენალი, რომელიც ზის და ყველაფერს აკონტროლებს, ქვეყანა კატასტროფის წინაშე დადგება და არჩევნებამდე ძალიან ცუდი შედეგებია მოსალოდნელი“, – განაცხადა აჩბამ.

როგორც აჩბამ აღნიშნა, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ იმისთვის იბრძვის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით არც ერთი პარტია არ მოვიდეს, რადგან ეს ქვეყანას აზარალებს და ამისთვის თითოეული პარტია, თუ მოქალაქე უნდა იბრძოდეს.

„ამიტომ მოვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, თორემ ჩაციკლული კი არ ვართ, რომ გინდა თუ არა, პროპორციული უნდა იყოს?! კი ბატონო, იყოს რაღაც სხვა, ახალი, რისი შემოთავაზებაც შეუძლიათ, ოღონდ ისეთი, რითაც ყველა პარტიას იმდენი პარლამენტარი ეყოლება, რამდენ პროცენტსაც არჩევნებში აიღებს. ამისთვის აუცილებელია, შეიცვალოს საარჩევნო გარემო და სისტემა, რომ არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს“, – განაცხადა აჩბამ.

მამუკა აჩბამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის ამომავალი წერტილი და მთავარი ქვაკუთხედი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა, რის გამოც ერთიანობა არ იქნება დარღვეული.

„შემდეგ ვნახოთ, რა როგორ განვითარდება“, – განაცხადა მამუკა აჩბამ.