მამისა ჯაფარაშვილი - მაშინ როცა მოსახლეობა გადახდისუუნაროა და ვალში იხრჩობა, ბანკები ყოველდღიურად ისაკუთრებენ ჩვენს უძრავ ქონებას
მამისა ჯაფარაშვილი - მაშინ როცა მოსახლეობა გადახდისუუნაროა და ვალში იხრჩობა, ბანკები ყოველდღიურად ისაკუთრებენ ჩვენს უძრავ ქონებას

ეკონომიკასა და განვითარებაზე სახელმწიფო როდესაც სტატისტიკას აქვეყნებს, ასე მგონია, სხვა, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ და ხალხი, რომელიც რეალურად ბანკის ვალებში გმინავს – სხვა სამყაროში, – ამის შესახებ „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მამისა ჯაფარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინ, როცა მოსახლეობა აბსოლუტურად გადახდისუუნაროა და ვალში იხრჩობა, ბანკები ყოველდღიურად ისაკუთრებენ ჩვენს უძრავ ქონებას. ისინი არა მხოლოდ ჩვენ, სახელმწიფოსაც ყიდიან და სახელმწიფო საკუთრება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში გადადის. ამის უშუალო მაგალითები არსებობს. დღეს, მარტო დედოფლისწყაროში 750 000 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა“, – განაცხადა ჯაფარაშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში 330 000 პრობლემური სესხია, საიდანაც ბანკებზე ასეთი სესხების 80% მოდის. 

„თუ მანამდე გამოსახლების მოთხოვნის მეტი წილი კერძო მევახშეებზე მოდიოდა, დღეს ეს მოთხოვნა კომერციული ბანკების შემთხვევაში გაცილებით მეტია“, – განაცხადა ჯაფარაშვილმა.

„იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ იცოდეს, ვის ხელში გადადის მათი ქონება, რადგან მოქალაქეები კომერციულ ბანკებს სახელმწიფო სტრუქტურებად აღიქვამენ.

„საქართველოს ბანკს“ მართავს ნილ ჯანინი (კანადა), კრისტოფერ ბედლი (აშშ), მაკენზი ბრიჩი (დიდი ბრიტანეთი), მორისონი (აშშ), გეორგაძე (გერმანია) და ლოიკერნი (ფინეთი). მათ ქვეყნებში საბანკო კრედიტებზე ყველგან დაბალი პროცენტებია – თვიური 0,3, 0,6, 0,7%. ჩვენთან დიდი კომერციული ბანკების მფლობელები ეს ქვეყნები არიან და მაინტერესებს, მათთან რომ ასეთი პროცენტებია, თავიანთი ბანკებით ჩვენს ქვეყანას რატომ ახრჩობენ?!“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.