მამისა ჯაფარაშვილი - ეროვნული ბანკი სირაქლემას როლშია და უყურებს, როგორ ნადგურდება საკუთარი ერი
მამისა ჯაფარაშვილი - ეროვნული ბანკი სირაქლემას როლშია და უყურებს, როგორ ნადგურდება საკუთარი ერი

ეროვნული ბანკი სირაქლემას როლშია და უყურებს, საკუთარი ერი როგორ ნადგურდება, – განაცხადა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მამისა ჯაფარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ ბანკს ხელი ურევია საკუთარი ხალხის გენოციდში“, – განაცხადა ჯაფარაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას ბანკის ვალი აქვს და ვერ იხდის, სოციალური მდგომარეობის შედეგია.

„ფაქტობრივად, ერი მშიერია და ვალების უმეტესობა იმიტომ არის აღებული, რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს“, – განაცხადა ჯაფარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იცნობენ კლიენტები ხელშეკრულებებში გაწერილ დეტალებს და რამდენად ესმით, ხელშეკრულებით რა ვალდებულებები აქვთ აღებული, მამისა ჯაფარაშვილმა აღნიშნა, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც ხელშეკრულებას იცნობენ, მაგრამ სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული არიან, შეთავაზებულ პირობებს ხელი მოაწერონ. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აძლევენ თუ არა ბანკები კრედიტებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ, მამისა ჯაფარაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები სესხებს ამ შემთხვევაშიც იძლევიან.

„საქართველოში სალომბარდო სესხებია. თუ უზრუნველყოფა გაქვს, იმის იქით ბანკს ძალიან დიდი ინტერესი არ აქვს, რადგან ბანკს გარანტია აქვს. დამერწმუნეთ, დღეს საქართველოს მოქალაქეების 90% რომ გადახდისუუნაროა, ეს ბანკების ბრალია“, – განაცხადა ჯაფარაშვილმა.

მამისა ჯაფარაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ, „საბანკო ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტს, გიორგი ცუცქირიძესაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ უმუშევარ მოქალაქეებზე ბანკები სესხს არ გასცემენ და ცალკეული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.

„ეს ერთეული შემთხვევა არ არის. სისტემაა შექმნილი, რომელსაც ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ისეთი კანონმდებლობით ამყარებს, რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოსახლე ვალში იყოს. შესაძლოა, ერთი, ან ასი ადამიანი შეცდეს, მაგრამ როცა 350 000 ადამიანის პრობლემა დგას, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული და ვერ იხდიან, საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?! ეს ადამიანები „საქართველოს ბანკის“, „თიბისი“ ბანკის კლიენტები არიან, „თიბისი“ ბანკის, რომელსაც 151 000 უძრავი ქონება აქვს გადაფორმებული“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა.