მამია გავაშელიშვილი - ვიწყებ რეაბილიტაციას და მალე ვითამაშებ (ვიდეო)

„ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე რთულმა და მძიმე პერიოდმა უკვე ჩაიარა. ხვალიდან რეაბილიტაციას ვიწყებ და იმედი მაქვს, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები“– ამბობს თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი მამია გავაშელიშვილი, რომელმაც თურქეთში ცხრათვიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა, სიმსივნე დაამარცხა და მოედანს მალე დაუბრუნდება.

24 წლის თავდამსხმელი გუნდთან ერთად მზადებას ახალი სეზონიდან დაიწყებს:

„ძალიან მინდა, რომ გუნდს საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებაში დავეხმარო. მაგრამ 100 პროცენტით დატვირთვას და „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშს ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპიდან დავიწყებ“.

„ლოკომოტივის“ ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ იანვარში, სრულიად შემთხვევით, სამედიციონო შემოწმების გავლის დროს, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა:

„მეუღლე ძალიან დამეხმარა, ეს მძიმე პერიოდი რომ გადამეტანა. ჩემი ყველა ტკივილი მან გადაიტანა და სულ მამხნევებდა. მისი დამსახურებაა, რომ ძლიერი დავრჩენილიყავი და იმედი შემენარჩუნებინა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, გუნდებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მოთამაშეებს, რომლებიც ამ ცხრა თვის განმავლობაში გვერდში დამიდგნენ. „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი ლექსო თოფურია კი პირველი დღიდან ყველანაირად მეხმარებოდა. საერთოდ, ამ ყველაფრის გადატანა ხალხის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. მინდა მივმართო მათ, ვისაც მსგავსი დაავადება სჭირს – იყავით ძლიერები და არაფრით დანებდეთ, რადგან ავადმყოფობა ყოველდღე შეიძლება დაამარცხოთ“.