გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში მორიგი შეხვედრა „ოსასუნასთან“ გამართა (რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო) და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაშიც მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგის პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ბურთის მოგერიებისას მეტოქის შემტევი დააზიანა.
„ვალენსია“ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და მომენტებიც შექმნა, მაგრამ „ოსასუნას“ კარის აღებას ვერ ახერხებდა. თამაშის ბოლოს შეტევები „ოსასუნამაც“ გაამწვავა, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა გუნდმა ვერ მიაღწია.
„მესტალიელებმა“ ლა ლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ 5 ქულა დააგროვეს და მე-18 ადგილზე არიან, ქართველმა მეკარემ კი მიმდინარე სეზონში „მშრალი“ მატჩი მეორედ ჩაატარა.