მამაკაცს მეუღლეზე ძალადობისთვის ათი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 
მამაკაცს მეუღლეზე ძალადობისთვის ათი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარისათვის ბრალდებულ ლ.გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება ბრალდებულის მიერ მეუღლეზე და მის მეგობარზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე, ძალადობის და ცემის ფაქტს, რა დროსაც, ქალმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული ძალადობრივი ქმედებებით მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა. (სამი ეპიზოდი) ბრალად წარდგენილ ორ ეპიზოდში ლ.გ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.