მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდიდან არავის უკადრებია არც საკუთარი თავისთვის, არც რომელიმე ოპოზიციური სუბიექტისთვის, რომ რაიმე არალეგიტიმური შეთავაზებები ყოფილიყო
მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდიდან არავის უკადრებია არც საკუთარი თავისთვის, არც რომელიმე ოპოზიციური სუბიექტისთვის, რომ რაიმე არალეგიტიმური შეთავაზებები ყოფილიყო

რადიკალური ოპოზიციის გარდა, რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპონონეტთან, ოპოზიციურ სუბიექტთან იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს სახელისუფლებო გუნდთან გარიგებების შესახებ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია არ შემდგარა.

„იმ რადიკალური ოპოზიციისა, რომელზეც უკვე რამდენჯერმე მიგითითეთ, რაღაც ტიპის კომუნიკაცია პრაქტიკულად ყველა, ანუ თითქმის ყველა ოპონონეტთან, ოპოზიციურ სუბიექტთან იყო. ახლა, ეს იყო შეხვედრის ფორმატში. ვთქვათ, გარკვეული ადამიანები არსებობენ, ვინც გადასცემენ ინფორმაციას როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე პირიქით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს დეტალებია. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დაგიფიქსიროთ, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ყველა მათგანთან შედგა. დამატებითი კითხვა რომ არ გაჩნდეს, რასაც ისინი ერთმანეთს კადრებენ, მოსყიდვას ხომ აბრალებენ ერთმანეთს სხვადასხვა დროს, ახლა ელისაშვილზე არიან გადასულები, მანამდე ვაშაძეს აბრალებდნენ, მანამდე „გირჩზე“ ჰქონდათ აქცენტი და ა.შ., შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გიპასუხოთ, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა. არავის უკადრებია არც თავისი თავისთვის მმართველი გუნდიდან, არც რომელიმე ოპოზიციური სუბიექტისთვის, რომ რაღაც ისეთი შეთავაზებები ყოფილიყო, რომელიც არალეგიტიმურია. ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ უფრო დეტალურად იმაზე, რაც პრინციპში საბოლოო ჯამში საჯაროდაც გამოდის ხოლმე“, განაცხადა მდინარაძემ.