მამა მიქაელ ბოტკოველი - უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი იყო და მოსამართლე როდიდან გახდა
მამა მიქაელ ბოტკოველი - უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი იყო და მოსამართლე როდიდან გახდა

ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი აქამდე სახალხო დამცველი იყო და მოსამართლე როდიდან გახდა, არ ვიცი, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც ე. წ ციანიდის საქმეს ეხება.

„სახალხო დამცველის ხედვა ამ შემთხვევაში არ არის მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მექანიზმი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ სამართალს, რაც ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხელმძღვანელობთ სინოდის განჩინებით. სინოდმა განაჩინა, რომ მამალაძის საქმემ უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანცია. ამ ინსტანციების გავლის შემდეგ კი, ჩამოყალიბდება საერთო პოზიცია განაჩენთან დაკავშირებით “, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ასევე, პატრიარქის მდივანი აცხადებს, რომ საპატრიარქოს განცხადებები ამ საკითხზე სიმართლის დადგენას ემსახურებოდა.

„არაერთგზის განვაცხადე, რომ ეს იყო ჩვენთვის მძიმედ და ძნელად გადასატანი განსაცდელი. ეკლესია ბევრად დაზიანდა ამ ყველაფრით, შესაბამისად სხვა განცხადებები ჩვენ არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ვამბობდით, რომ უნდა დადგინდეს საქმეზე სიმართლე. რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ეს ჩვენი ეკლესიისათვის, ეს უნდა მიგვეღო, როგორც მოცემულობა“, აღნიშნა პატრიარქის მდივანმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ანგარიშში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს გამოაქვეყნა.

ნანუაშვილი ანგარიშში იმ პროცესუალურ დარღვევაზე საუბრობს, რომელიც ციანიდის საქმეზე სასამართლო განხილვების დროს დაფიქსირდა.