მამა მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს
მამა მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

პატრიარქის პრესმდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.

ამის შესახებ მამა მიქაელმა სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცისას განაცხადა.

„საქართველოს საპატრიარქო პოზიტიურად აფასებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, მას შემდეგ, რაც სააგენტომ დაიწყო მუშაობა რელიგიური კლიმატი საქართველოში გაჯანსაღდა ამას აშკარად ვამჩნევთ ჩვენ და კმაყოფილებას გამოვხატავთ ამასთან დაკავშირებით.

კანონი რელიგიის შესახებ უნდა არსებობდეს, ეს საუბრები მიმდინარეობს. ყველა რელიგია ერთი და იგივე მდგომარეობაში ვერ იქნება, რადგანაც ყველა ქვეყანაში არსებობს დომინანტი რელიგია, ასეა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს დომინანტი რელიგიები და არსებობენ რელიგიები, რომლებიც არსებობენ იმ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას არეგულირებს კანონი რელიგიის შესახებ“, – აღნიშნა მამა მიქაელმა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა სხვადასხვა კონფესიების დაფინანსების საკითხზეც.

„ყველა რელიგია ერთნაირ პირობებში ვერ იქნება, რადგან კონსტიტუცია არეგულირებს ასეთ საკითხებს, კონსტიტუცია მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აღმაშენებლის საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, სხვა რელიგიების დამსახურება ვერ იქნება, იმ რელიგიების, რომლებიც მაშინ საერთოდ არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ტრადიული რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც მრავალი საუკუნე საქართველოში არსებობენ და ისინი ასეთი დაფინანსებით სარგებლობენ, ამას ჩვენ თავის დროზე მხარი დავუჭირეთ და კმაყოფილება გამოვთქვით“, – აღნიშნა პატრიარქის პრესმდივანმა.