მამა ლეონ გელოვანი - სახელი ლეგიონი ნამდვილად სწორად შეურჩევია რაინდადწოდებულს
მამა ლეონ გელოვანი - სახელი ლეგიონი ნამდვილად სწორად შეურჩევია რაინდადწოდებულს

შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს, შეპყრობილია ყოველი მღვდელი, თუ საერო, ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს, – ამის შესახებ მღვდელმონაზონი ლეონ გელოვანი „ფეისბუქზე“ წერს.

„იესომ ჰკითხა მას (შეპყრობილს): რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.” (მკ.5) ნამდვილად სწორად შეურჩევია სახელი რაინდადწოდებულს! უწმინდური სულითაა შეპყრობილი ყველა, ვინც სხვაზე ძალადობით ხარობს! შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს! შეპყრობილია ყოველი მღვდელი, თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს! იესო საკუთარი ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა. ჯვარცმა, ესაა სიყვარულის მაგალითი – გულწრფელი სიყვარული მათ მიმართაც კი, ვისაც იგი სძულდა. იესოს რწმენის გავრცელებას კი მუდამ უნდა ახლდეს პავლე მოციქულის სიტყვების გააზრება – „ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული” (გალ.6). ადამიანი რომელიც სხვაზე (რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის სხვა ჩავარდნილი) ძალადობს, ამ ტვირთს არიდებს თავს და შესაბამისად რჩება ქრისტეს რჯულს გარეთ“, -წერს მღვდელმონაზონი ლეონ გელოვანი.

ლევან ვასაძემ გუშინ ვაკის პარკში გამართულ აქციაზე აღნიშნა, რომ სახალხო რაზმის თვითორგანიზებას მოახდენს და ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული.

„გვეყოლება ათეულები ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბებიან ათ-ათი ასეულებად, ასისთავებად. და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა იგინოს, იფურთხოს, იბილწსიტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახით პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.