მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ

მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებებს სთხოვენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომლებმა მას არ მისცეს იმ დოკუმენტაციის გამოტანის შესაძლებლობა, რომელიც გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ეხებოდა.

ადვოკატის მტკიცებით, მან შემოწმება შესვლისას გაიარა და დოკუმენტის შეტანასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია. მსჯავრდებულის უფლებადამცველების ინფორმაციით, დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ადმინისტრაციას მისი გაცნობის, ჩამორთმევისა და გამოძიებისთვის გადაცემის უფლება არ ჰქონდათ.

ადვოკატების მტკიცებით, დოკუმენტი ეხებოდა განვადებას, რომელზეც დეკანოზს ხელი არ ჰქონდა მოწერილი და სწორედ ამისთვის შეიტანა დოკუმენტი ადვოკატმა დაწესებულებაში. ადვოკატები სამინისტროს მიმართავენ, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყოს საკითხის შესწავლა. ასევე, გასაჯაროვდეს სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უფლებადამცველს დოკუმენტები ჩამოართვეს, ასევე დააარქივონ ვიდეომასალა, სადაც ადვოკატის ვიზიტია ასახული.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.