მალხაზ ურთქმელიძემ ექსპერტს მიმართა - თქვენ და ქალბატონი მარიამი ჩემს კაბინეტში ყავას მიირთმევდით და მითხარით, თუ დროულად არ შეგვიყვანთ ბატონ მიხეილთან, გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო
მალხაზ ურთქმელიძემ ექსპერტს მიმართა - თქვენ და ქალბატონი მარიამი ჩემს კაბინეტში ყავას მიირთმევდით და მითხარით, თუ დროულად არ შეგვიყვანთ ბატონ მიხეილთან, გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს, მალხაზ ურთქმელიძესა და სხდომაზე მოწმის სტატუსით მყოფ ექსპერტს, გიორგი ვერულავას შორის შელაპარაკება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ვერულავას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან „ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და მაჯის საათის წართმევა“ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა.

„27-დან 28 დეკემბრის მდგომარეობით, მძინარე პაციენტს შეუვარდნენ და წაართვეს მაჯის საათი. მაჯის საათის ქონის უფლება არც 27 დეკემბრამდე ჰქონდა და არც მანამდე. რატომღაც ეს აქტუალური გახდა იმის შემდეგ, როდესაც მისი გადაყვანა არ მოხდა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ამ უმძიმესი ეპიზოდის გადატანის შემდეგ ამ ადამიანისთვის ის მაჯის საათი ჩამოერთმიათ, როდესაც გამოიღვიძებდა, მაგრამ ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და მაჯის საათის წართმევა ჩვენ მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

აღნიშნული განცხადების პასუხად, მალხაზ ურთქმელიძემ მოწმეს მოუწოდა ილაპარაკოს მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში უნახავს და გაიხსენა თავის კაბინეტში მარიამ ჯიშკარიანთან და ვერულავასთან საუბარი.

„ძალიან გთხოვთ, ილაპარაკეთ ის, რაც გინახავთ სინამდვილეში, რაც არ გინახავთ, ტყუილად ნუ ლაპარაკობთ, თორემ გაგახსენებთ კიდევ სხვა რაღაცებს, რაც გინახავთ და რაც პირადად ჩემთან თქვენ და ქალბატონმა მარიამმა იკადრეთ. თქვენ და ქალბატონი მარიამი ისხედით ჩემთან კაბინეტში, ყავას მიირთმევდით და იქ გამიჟღერეთ და თქვენი ხითხითიც კარგად მახსოვს, რომ თუ თქვენ დროულად არ შეგვიყვანთ ხოლმე ბატონ მიხეილთან, ახლა ავდგებით და გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო, გახსოვთ ეს კარგად? მე ძალიან კარგად მახსოვს. ნეიროლეპტიკებით რომ წამლავდითო, გახსოვთ ეს საუბარი? ხითხითიც ხომ კარგად გახსოვთ?“- განაცხადა ურთქმელიძემ.

აღნიშნულის პასუხად გიორგი ვერულავამ დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი ახსოვდა.