მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა და არ არის მოწამლული, ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია და საუბარი უნდა შეწყდეს
მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა და არ არის მოწამლული, ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია და საუბარი უნდა შეწყდეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია.

როგორც ურთქმელიძემ აღნიშნა, მსჯავრდებული სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა, არ არის და ეს ფაქტი ლაბორატორიული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე სულ მიკვირს, რომ საზოგადოებაში ამაზე კიდევ არის საუბარი. უკვე დადასტურებულია, რომ არაფერ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, აღნიშნული დასტურდება ჯერ კიდევ შარშან, მაისში კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევით, ეს ერთი; მეორე, თვითონ სააკაშვილის დამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზეც, რაც წარმოადგინეს მათ სასამართლოზე, არცერთი დამადასტურებელი არ არის იმის, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არის დასაშვებ ზღვარზე მეტი მეტალების რაოდენობა. თვითონ ექსპერტ-ტოქსიკოლოგთან გასაუბრებისას, სასამართლო პროცესის დროს, ეს დადასტურდა. ამ ყველაფერმა ასახვაც ნახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, განმეორებით ჩატარებული კვლევების მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და ამჟამადაც მოწამლული არ გახლავთ, ეს ცალსახაა. კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო კატეგორიულადაც გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა და არ არის მოწამლული. ეს მასმედიაში აგორებული თემა ყბადაღებული გახდა უკვე, მე მგონი. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს. ეს არის სუფთა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ „ქრონიკაში“.