მალხაზ თორია აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კონტროლი გამკაცრდება, თუმცა განსაკუთრებული შეზღუდვები არ იგეგმება
მალხაზ თორია აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კონტროლი გამკაცრდება, თუმცა განსაკუთრებული შეზღუდვები არ იგეგმება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კონტროლი გამკაცრდება, თუმცა ჯერჯერობით განსაკუთრებული შეზღუდვები არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისი თქმით, 20 სექტემბერს რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე 253 ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლას, მალხაზ თორიას განმარტებით, იმის გამო, რომ სკოლის ორ მოსწავლეს და ერთ პედაგოგს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გამოუვლინდა კოვიდინფექცია. აქედან გამომდინარე სკოლა მთლიანად გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. მანამდე პედაგოგსაც გამოუვლინდა „კოვიდ-19“. გამოვლენილია მათი კონტაქტები და მინდინარეობს კვლევები. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი ყველა კოვიდინფიცირებული დაკავშირებული იყო მიმდებარე რეგიონების კლასტერებთან. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის საბერიოს კლასტერთან, სოხუმთან, ბათუმთან, თბილისთან. დაუდასტურებელი წყარო რეგიონში არ გვქონია. კონტროლი გამკაცრდება, თუმცა განსაკუთრებული შეზღუდვები ჯერჯერობით არ იგეგმება.

რეგიონში საკოორდინაციო შტაბი მუშაობს გამართულად, ყოველდღიური კომუნიკაციაა შტაბის წევრებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის. მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს სკოლებში, ტრანსპორტში და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში. რეგიონის მასშტაბით მიმდინარე წლის 20 სექტემბერს აღებული იქნა 253 ნიმუში, ნიმუშები ამ მომენტისთვის კვლევაშია და მოგვიანებით გახდება ცნობილი, არის თუ არა ინფიცირების ახალი ფაქტები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რაც შეეხება რუხის კლინიკას, იქ ახალი კორონავირუსით 46 პაციენტი მკურნალობს, ხოლო სამი პირი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით შეიყვანეს.