მალხაზ თოფურია – ბარამიძეს ახლა მიუნჰაუზენიც დაემატა – სააკაშვილი, მეც ვიყავი აფხაზეთის ომშიო, სააკაშვილი არავის უნახავს აფხაზეთში

17:31, 10.08.2026

ახლა ბევრი მცდელობაა, ბარამიძემ ვერ გადმოსცა აზრიო, თუმცა უკვე ოთხი დღეა, ერთსა და იმავეს აგრძელებს, არ გაჩერებულა და, რაც მთავარია, არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას სჩადიოდა, – ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

თოფურიას თქმით, ბარამიძე არის ყველა იმ სიბინძურისა და ბოროტების მონაწილე, რაც კი ქვეყანას თავს დასტეხია.

„პროკურატურა დაინტერესდა გიორგი ბარამიძის აფხაზეთის ომთან და ტყვეთა გაცვლის პროცესთან შემხებლობით. მე გამახსენდა ბარამიძის კიდევ ერთი იმდროინდელი „სიბრძნე“, „დოკუმენტურ ფილმს ვაღებინებ ჩემს თავზე, ამისთვის მჭირდება კიდევ კადრებიო. ბარამიძის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არასოდეს მქონია, მაგრამ არც იმდენად უტვინოა, რომ ქვეყნის დამაზიანებელი განცხადება სისულელით გაეკეთებინა. ახლა ბევრი ცდილობს, თქვას, რომ მან უბრალოდ ვერ გადმოსცა აზრი, თუმცა უკვე ოთხი დღეა, ერთსა და იმავეს აგრძელებს, არ გაჩერებულა და, რაც მთავარია, არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რამხელა ბოროტებას სჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ვერ გაურბის და რომელსაც ყოველდღიურად აგრძელებს და აგრძელებს.

ის არის ყველა იმ სიბინძურისა და ბოროტების მონაწილე, რაც კი ამ ქვეყანას თავს დასტეხია. ყველა იმ საკანონმდებლო ბოროტების თანამონაწილეა, რომელიც სხვადასხვა მთავრობამ ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო. გამოძიების მიზანია, სულ მცირე, დადოს ფაქტი, რომ ამ კაცს ვათქმევინოთ, რომ ან ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს, ვინ ხვრეტდა. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა და ხელს ვერავის დაადებს. ბარამიძის მთელი ცხოვრება რომ გადავახვიოთ, ყოველ წუთს დასაჭერია, ეკლესიას ანგრევს თუ ოჯახის ამოსაწყვეტად ვერტმფრენების ესკადრილია მიჰყავს. მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე სიბინძურეა და სულ დასაჭერია, მაგრამ არ დაუჭერიათ და ახლა ეს არის ზნეობრივი მომენტი. ის ყოველთვის იქ იდგა, სადაც მკვლელობა და დახვრეტა იყო, ოღონდ ეს ქართული ჯარი არ ყოფილა. ბარამიძეს ახლა მიუნჰაუზენიც დაემატა – სააკაშვილი, მეც ვიყავი აფხაზეთის ომშიო. წარმოუდგენელია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უკვე კომედია და ტრაგედია რომ არ იყოს. არასოდეს ყოფილა, არასოდეს ჩამოფრენილა. პასუხს ვაგებ, სააკაშვილი არავის უნახავს აფხაზეთში. ხუმრობით თუ ვიტყვით, ერთხელ მთელმა მსოფლიომ ნახა ცხინვალის რეგიონში და ნეტავ, არ გვენახა, ქვეყნისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ“.

მსგავსი