მალხაზ თოფურია - აფხაზებთან მოლაპარაკების საფუძველზე სამასი მოხუცი წამოვიყვანე, ვბრუნდები სოხუმში და ვუყურებ გია ბარამიძის ინტერვიუს, რა სირთულეები გადახდა ამ სამასი ადამიანის გამოყვანაზე
მალხაზ თოფურია - აფხაზებთან მოლაპარაკების საფუძველზე სამასი მოხუცი წამოვიყვანე, ვბრუნდები სოხუმში და ვუყურებ გია ბარამიძის ინტერვიუს, რა სირთულეები გადახდა ამ სამასი ადამიანის გამოყვანაზე

აფხაზებთან მოლაპარაკების საფუძველზე 300 მოხუცი წამოვიყვანე. ვბრუნდები სოხუმში და ვუყურებ გია ბარამიძის ინტერვიუს, რა სირთულეები გადახდა ამ სამასი ადამიანის გამოყვანაზე, – ამის შესახებ ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

თოფურიას თქმით, ბარამიძემ ეს იმით ახსნა, რომ საკუთარ თავზე დოკუმენტურ ფილმს, „გია ბარამიძეს“ იღებდა.

„აფხაზებთან მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ მოსახლეობა გაგვეცვალა 300-300-ზე. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მე გავეშვი ამ გაცვლაზე. გამაყოლეს ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, სოფელ-სოფელ ადამიანები რომ მეძებნა და გემში შემეკრიბა. თუ დამიჯერებთ, ეს ომზე უარესი იყო, რადგან მიდიხარ ოჯახში, ადამიანს ჰპირდები, ხვალ წაგიყვან, მეორე დღეს წამოსაყვანად მიდიხარ და ის მოხუცი საწოლში ჩაცხრილული გხვდება, შენ უნდა დამარხო. ვიღაცამ შური იძია, რომ გაიგო, მიმყავდა. იქ ისეთი სენტიმენტალური სცენებიც ვნახე, აფხაზი მოვიდა ჩუმად, ერთ ოჯახს ჩემთან, სარდაფში ვმალავო, იციან, იმათი შვილი იბრძვისო. სარდაფიდან წამოგვიყვანა პირდაპირ ოჯახი. შემდეგ ხშირად არ გვიჯერებდნენ. გავრცელდა ჭორი, ჩვენი დამარხვით რომ არ იწვალონ, გემში ჩაგვსვამენ და ჩაგვძირავენო. 300 მოხუცი წამოვიყვანე, თან დაცვა დამყვებოდა, რადგან ხშირად იყო სურვილი, ვიღაცას „მივეხვრიტე“. ხუთი აფხაზი დადიოდა სოხუმში, შეთანხმების მიხედვით, ერთსაც რომ რამე დამართოდა, მე დავიხვრიტებოდი და პირიქით. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ვბრუნდები სოხუმში და ფსიქიკურად მართლა ცუდად ვარ. სოსო მარგიშვილი იყო პრესცენტრის უფროსი, ვინც ყოველ დილით ინფორმაციებს გვაძლევდა. უცბად გია ბარამიძის ინტერვიუს ვუყურებ, ჰყვება, რა სირთულეები გადახდა ამ 300 ადამიანის გამოყვანაზე. სოსო გაგიჟდა, თუ არ ვცდები, პაატა ზაქარეიშვილიც იქ იყო. ბარამიძე აეროპორტში იძლეოდა ინტერვიუს და მოიყვანეს. გეხვეწებით, თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე სამომავლოდ დოკუმენტურ ფილმს, „გია ბარამიძეს“ ვიღებო. დეპუტატი იყო, მაგას სხვადასხვა ეტაპი ჰქონდა, ერთხელ თქვა, რომ შევარდნაძის ერთგულ ჯარისკაცად მოვკვდებიო, მერე ჟვანიას ერთგულ ჯარისკაცად კვდებოდა და დღეს – სააკაშვილის. თავი დაანებეთ-მეთქი, რა უნდა უთხრა ასეთ წაქცეულ ადამიანს, რომელიც თავის თავზე დოკუმენტურ ფილმს იღებს და რაღაცებს იბრალებს? რაღა შორს წავიდეთ, სააკაშვილს გუნდში ჰყავდა ერთადერთი ნაომარი კაცი, ნათელ-მირონი და ცემაში მოაკვლევინა – კობა დავითაშვილი, სანგარში რომ იჯდა, ისეთი ჯარისკაცი იყო“, – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.