მალხაზ სონღულაშვილი - ვის უნდა ქვეყანაში დაძაბულობა და მტრობა, ასეთი ადამიანი არცერთ მხარეს არ მეგულება, საჭიროა შეთანხმება ქვეყნის, მომავლის საკეთილდღეოდ, ცოტანი ვართ და ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ გადავრჩეთ
გამოსავალი სლოგანში იყო გამოხატული, რომელსაც სასულიერო პირები, ქრისტიანები, ებრაელები, მუსლიმები ერთად ვატარებდით ამ დღის განმავლობაში, – ასე უპასუხა საქართველოს ევანგელისტურ – ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედრო ტაძრის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის შეკითხვას, თუ როგორ ხედავს არსებული მოცემულობიდან გამოსავალს, როდესაც საზოგადოებაში დაპირისპირება ძალიან მძაფრად იგრძნობა.
„ეს სლოგანი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ერთად სვლა, ყველას, არავის გამოკლებით. ყველას გვინდა ერთად სვლა მშვიდობისაკენ, ნამდვილი მშვიდობისკენ. ჩვენს დროში ზედსართავი სახელი საჭირო გახდა იმისთვის, რომ აზრი გამოვხატოთ მკაფიოდ. ნამდვილი მშვიდობა გულისხმობს იმას, რომ არ ხდება ბავშვების წამება, არ ხდება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა და დამცირება. ამისთვის ვდგავართ ჩვენ, ყველა ერთად. იქ ვიდექით მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ებრაელები, ყველანი. განსხვავებულები ვართ მართლაც, მაგრამ ეს გვაქვს საერთო – ჩვენ ყველანი ვიღწვით მშვიდობისათვის და შერიგებისათვის, რომელიც ეგზომ საჭირო არის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობისა და შერიგებისათვის არის ერთი წამალი და ეს არის სამართლიანობა.
„სამართლიანობა უნდა აღდგეს და დადგინდეს ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია მისი ხედვა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს და როგორია გამოსავალი იმ ვითარებაში, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების გამო ადამიანები ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებიან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში.
„ჩვენ, როგორც ჰომო საპიენსები, ამ პლანეტაზე გადავრჩით ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება და თანამშრომლობა. მოლაპარაკება და თანამშრომლობა ჩვენ რომ არ გვცოდნოდა, აქამდე ვერ მოვაღწევდით და ასევე, შორს ვერ წავალთ, თუ ვერ შევძელით მოლაპარაკება, სიცხადის შეტანა ჩვენს ურთიერთობაში და ქვეყნის საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სამართლიანი მშვიდობა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, მშვიდობას და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა რამდენად ხედავს მზაობას, რომ ამ ტიპის მოლაპარაკება გაიმართოს და ერთმანეთის მიმღებლობა კიდევ უფრო მეტად ვისწავლოთ, რაზეც მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა, რომ „შესაძლებლობა გამოჩნდება მაშინ, როდესაც იქნება ამის სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანები ერთად დასხდნენ და ყური დაუგდონ ერთმანეთს“.
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ამის მზაობას საზოგადოებაში, სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არავის უნდა კონფლიქტი, არავის უნდა, ბავშვებს აწამებდნენ და არავის უნდა, ადამიანებს თავიანთი შვილების ქუჩაში გაშვების ეშინოდეთ, რომ არ სცემონ, შეურაცხყოფა არ მიაყენონ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან.
„ვის უნდა უნდოდეს ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობა და მტრობა? ასეთი ადამიანი არცერთ მხარეს არ მეგულება. საჭირო არის შეთანხმება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ცოტანი ვართ, ძალიან პატარა ხალხი ვართ და ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ გადავრჩეთ. ამისათვის საჭიროა მშვიდობა. მშვიდობისათვის საჭირო არის თანამშრომლობა, მოლაპარაკება და სამართლიანი გამოსავლის პოვნა ამ მძიმე კრიზისში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.