მალხაზ სონღულაშვილი - მჯერა, რომ ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, იყოს თუ არა ქრისტიანი და ეს ნათლობით დაადასტუროს
მალხაზ სონღულაშვილი - მჯერა, რომ ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, იყოს თუ არა ქრისტიანი და ეს ნათლობით დაადასტუროს

მჯერა, რომ ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, იყოს თუ არა ქრისტიანი და ეს ნათლობით დაადასტუროს, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვა დანარჩენ ქრისტიანულ ეკლესიებთან შედარებით, ჩვენი ეკლესიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ნათლობა ზრდასრულ ასაკში ხდება და ეს პიროვნების არჩევანია. ჩვენი ეკლესია ადამიანს ყოველთვის აძლევს უფლებას და საშუალებას, არჩევანი თავად გააკეთოს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მალხაზ სონღულაშვილმა ასევე თქვა, რომ მას საშუალება ჰქონდა, სხვადასხვა კონფესიებს გასცნობოდა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღო, 1980 წელს ნათლისღებას ბაპტისტად მონათლულიყო.

„ეს იყო სისხამ დილას. მაშინ სკოლას ვამთავრებდი. მივედი და კარზე დავუკაკუნე მამაჩემს, რომელიც ასევე სასულიერო პირი, თბილისის ეპისკოპოსი, ბაპტისტი იყო. გავაღვიძე და ვუთხარი, რომ გადავწყვიტე, ქრისტიანი გავმხდარიყავი. მამამ მანქანით წამიყვანა და მცხეთაში, შიო მღვიმესთან ახლოს, მტკვარში მომნათლა. ჩემს ცხოვრებაში ამით დაიწყო რაღაცნაირი ათვლის წერტილი, როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ მინდოდა, ქრისტიანობას გავყოლოდი“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

როგორც ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა განაცხადა, მოვიდა დრო, როცა კონფესიური საზღვრები უნდა მოიშალოს.

„მე ჩემი კონფესიით ვამაყობ, რადგან ის თავისუფლებას მაძლევს. თუმცა, არ ვთვლი, რომ ეს ყველაზე კარგი, ლამაზი და ჭკვიანურია. ჩვენ ყველანი ცდომილი ადამიანები ვართ, შეცდომები ყველას გვაქვს და საერთოდ, მოვიდა დრო, როცა კონფესიური საზღვრები რაღაცნაირად უნდა მოიშალოს“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.