მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიკითხა
მალხაზ მიქელაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიკითხა

მოწმის სახით ვიყავი გამოკითხვაზე. ძირითადად, კითხვები შეეხებოდა ცოტა ხნის წინ საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებს. ყველაფერს გავეცი პასუხი. მე 2006 წელს არ გახლდით კომისიის წევრი, შესაბამისად ჩემთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო. ივერი მელაშვილთან საუბარი ემსახურებოდა ტექნიკური საკითხების განხილვას, ვინაიდან ჩემთვის ბევრი რამ უცნობი იყო, დღესაც, მე ყველა დეტალი არ ვიცი, – ამის შესახებ  სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, მალხაზ მიქელაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ვერ დავიწყებ ბატონი ივერის საუბრის ინტერპრეტაციას, ერთადერთს აღვნიშნავ, რომ ამ ვიდეოკადრების საჯარო გაშუქების დროს, გარკვეულწილად არასწორი ინტერპრეტაცია იქნა მიცემული, ვგულისხმობ, რომ არასწორი ჩანამატები იყო მოცემული. როდესაც საუბარი იყო რაღაც გარკვეულ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაზე, ამას ადგილი არ ჰქონია და კომისია ამოდიოდა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მე მანდ ვერაფერი მტკიცებულება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ვერ დავინახე ვერც მაშინ და ვერც ეხლა ვერ ვხედავ. საქართველოს პოზიცია ყოველთვის ყალიბდებოდა ადრე მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, კერძოდ 1938 წელს დამტკიცებული საზღვრის ხაზის შესაბამისად. ეს არის ამოსავალი წერტილი. პოზიციები დიპლომატიურ სამსახურში ხშირად იცვლება და მანდ მთავარია, რომ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესი. ვთვლი რომ დელიმიტაციის საკითხი არის ძალზედ სენსიტიური, ერთგვარად შიდა ერთიანობა აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის. ის, რაც დღეს სამწუხაროდ სახეზეა საზოგადოების გახლეჩვა ორ ნაწილად ან მეტ ნაწილად საზიანოა დელიმიტაციის პროცესისათვის და ვნახოთ შემდგომში მოვლენები“, – განაცხადა მიქელაძემ.

ადვოკატ ივანე ჩიტაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გამომძიებლებს ძირითადად გავრცელებულ ჩანაწერებზე ჰქონდათ კითხვვები.

„მესამედ დაიბარეს დღეს საგამოძიებო ორგანოში. ძირიატადად, კითხვები ეხებოდა ფარულ გავრცელებულ ჩანაწერებს, კითხვები შეეხებოდა, ადასტურებდა თუ არა ბატონი მალხაზი ამ საუბრის ავთენტურობას. ეს იყო სამუშაო პროცესი. ბატონი ივერი და ბატონი მალხაზი მუშაობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბუნებრივია ასეთი შეხვედრები. როდესაც გავრცელდა ეს ჩანაწერები პროკურორის ინტერპრეტაცია ბრიფინგზე გვაძლევდა იმის თქმის საფუძველს, რომ ფაქტების დამახინჯებას ჰქონდა ადგილი. პროკურორმა განმარტა იმგვარად, რომ საზოგადოებას შექმნოდა არასწორი აღქმა, თითქოს ბატონი ივერი და ბატონი მალხაზი საუბრობდნენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, აქ არის ფრაგმენტები, ჩვენ გვაჩვენეს მხოლოდ ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა. ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა ამ ჩანაწერის სრული ვერსია, თუმცა იმ კითხვების გარშემო, რაც დაისვა, ამომწურავი პასუხები გასცა ბატონმა მალხაზმა. რაც შეეხება მისი სტატუსის ცვლილებას, ჩვენი პოზიციაა, რომ ბატონი მალხაზის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მიგვაჩნია, რომ მისი სტატუსის რაიმე სახით ცვლილება არ უნდა მოხდეს.  რაც შეეხება პროკურატურის მოტივაცია, ჩვენთვის უცნობია, რას გააკეთებენ. ბატონი მალხაზი სამჯერ უკვე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამივე დროს ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს. წესით, დამატებით დაბარება აღარ უნდა გახდეს აუცილებელი“, – განაცხადა ადვოკატმა.