მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკავებენ, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - მოლოდინი არ მაქვს, რომ დააკავებენ, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია

მოლოდინი არ მაქვს, რომ მალხაზს დააკავებენ, რადგან მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა.

„თუ დააკავებენ, მალხაზის მაგივრად მე დავდგები აქ და გავაგრძელებ მშვიდობიან აქციას, სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან და თემირლანის უდანაშაულობას არ დავამტკიცებ”, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა.

„საერთოდ, ოჯახში ასეთი საუბარი არასოდეს გვქონია. როდესაც ადამიანი ემოციებშია, გამწარებულია, რაღაცას იტყვის და ამის გამო ტერორისტობა დააბრალებ, კარგად ჰქონია საქმე ამ უსაფრთხოების სამსახურს”, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.