მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე მედიკო მარგოშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს
მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე მედიკო მარგოშვილი ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.

მედიკო მარგოშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას პირდაპირ ჩართვებს უკავშირებს.

„არ მაქვს იმედი, რომ შემხვდეს, მაგრამ მაინც მოვიკრიბე ძალა. როგორია, ვინც ჩემი შვილის მკვლელობის ბრძანება გასცა, იმას შეხვდეს შვილმკვდარი დედა. ყველა ძალა მოვიკრიბე და პირდაპირ მომწყინდა, ყელში ამომივიდა. წელიწადნახევარია და დღესაც პასუხი არ აქვთ, რისთვის ჩამიცხრილეს მძინარე, ღამის 04:00 საათზე ბავშვი. არანაირი ბრალდება არ აქვთ. შეცდომა მოუვიდათ ან რა ჭირი და სატკივარი, არ ვიცი. ჩვენც ნერვები გვაქვს. მდგომარეობიდან გამოვყავართ ამ ტროლების მეშვეობით, ზოგი რას მიწერს, ზოგი რას.

მე მოვითხოვ გომელაურთან შეხვედრას და გამცეს პასუხი, რის საფუძველზე გასცა ბრძანება ჩემი შვილის დაკავების. ნომერი აიღეს დაგიკავშირდებიანო. ჩემი მაზლიშვილი არ ვიცი რასთან დაკავშირებით არის შესული და ერთი კიდევ არის მარგოშვილი. ჩემი მაზლიშვილი მალხაზის განცხადების დროს სახლშიც არ იყო, არც აქციაზე. ყველანაირად ცდილობენ რაღაც შეცდომაში შეგვიყვანონ, ჩემი მეუღლე შარში გახვიონ. ჩემი მეუღლე ამ დაბარებას მის პირდაპირ ჩართვას უკავშირებს. წელიწადნახევარია დედ-მამა ქუჩაში ვართ და პასუხიც არ არის. ჩემი შვილი ჩემს კალთას მოცილებული არ იყო, უჩემოდ ფეხს არ ადგამდა, სხვანაირი დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი იქ როგორ ძლებს უჩემოდ“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.